logo
ENG



აშშ გენპროკურორის დანიშვნის წესის ჩაგდებაზე: ესაა "ოცნების" კიდევ ერთი გატეხილი პირობა

07 სექ 202120:35
3 წუთის საკითხავი
 
აშშ გენპროკურორის დანიშვნის წესის ჩაგდებაზე: ესაა "ოცნების" კიდევ ერთი გატეხილი პირობა

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა.

"პარლამენტის მიერ მოთხოვნილი ანგარიშით დანიშვნის პროცესში შემოთავაზებულ ცვლილებას რეკომენდაციას უწევდა ვენეციის კომისია - სამართლის ექსპერტთა საერთაშორისო ორგანო, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ექსპერტები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ, რომელმაც ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის ქართულმა ოცნებამ, ვალდებულება აიღო, განეხორციელებინა ეს ცვლილება, რათა გაზრდილიყო საზოგადოების ნდობა მთავარი პროკურორის მიმართ და უზრუნველეყო პოლიტიკური ზეგავლენისგან მისი დამოუკიდებლობა", - წერია განცხადებაში.

საელჩო, ასევე მხედველობაში იღებს ოპოზიციური პარტიების განცხადებებს, რომ მათ ვერ შეძლეს, მხარი დაეჭირათ გენპროკურორის დანიშვნის წესისთვის, რათა შეენარჩუნებინათ სხვა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, სრულად პროპორციულ არჩევნებზე, ორპროცენტიან ბარიერსა და ფრაქციებზე.

ამასთან, აფასებს, რომ ქართულმა ოცნებამ ცვლილების ჩაგდებით კიდევ ერთხელ გატეხა დადებული პირობა, გაეტარებინა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა.

"ქართული ოცნების უარი, მხარი დაეჭირა მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის ეწინააღმდეგება პარტიის მიერ 28 ივლისს განმეორებით გაცხადებულ ნებას, გაეტარებინა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად.

ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლის მიღების პირობაც ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავისი ნებით დადეს.

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რომელსაც არ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.

მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობის პირობებში საზოგადოება დარწმუნებული იქნება, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, ბიზნესდავები მიკერძოებულად არ გადაწყდება და პოლიტიკური ოპონენტები არ გახდებიან არასამართლიანი დევნის სამიზნენი. პროკურატურასა და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომლებს უფლება უნდა ჰქონდეთ, დაიცვან კანონი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე", - წერია საელჩოს განცხადებაში. 

აშშ-ს საელჩო აცხადებს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა შეასრულონ თავიანთი პირობა და განახორციელონ სასამართლო რეფორმის წინა ტალღების ყოვლისმომცველი, მრავალპარტიული შეფასება და შეიმუშავონ მართლმსაჯულების სისტემის გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ მიმართული ინიციატივები.

7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 1-ლი მოსმენით მიიღო, თუმცა პროექტს კენჭი გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე უყარეს.

ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ ამ პუნქტის შესრულებაზეც უარი თქვა. 

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და უარი თქვა საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გენერალური პროკურორის ფართო კონსენსუსით და სამართლიანად არჩევის საკითხიც. 

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ვინაიდან მათ დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადეს, არც შეთანხმების შესრულების ვალდებულება აქვთ, შესაბამისად, არ ითვალისწინებენ იმას, რაც მასში წერია. 

შარლ მიშელის შეთანხმება მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის ფართო კონსენსუსით შერჩევას გულისხმობს.

კერძოდ: დოკუმენტში წერია, რომ "[გენერალური პროკურორის არჩევის] პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს". 

ასევე, შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით: 

"მომდევნო გენერალური პროკურორები უნდა აირჩიონ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და რომ მათი დანიშვნისთვის საჭირო უნდა იყოს პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. 

ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად". 

საკონსტიტუციო კანონის პროექტში შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული დებულებები ასახულია, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე მას "სიმახინჯე" უწოდეს.


close დახურვა